ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შეიხი მირტაგ ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
„სუს-ის გამომძიებლის მიერ ჩვენთვის მოცემული განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟის) საფუძველზე მიმდინარეობს. მათ ჩვენთვის არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობენ EMC-ში.
მათივე განმარტებით, მირტაგ ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, რომელშიც განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა „ჩვენ-სხვები“ სწორი არ არის.
ჟურნალისტის შეკითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: „მაშინ ჩვენც გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ, პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა“, –მირტაგის განმარტებით, ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო.