თსუ-ის სტუდენტთა პროტესტი გრძელდება – დღეს, 13 მაისს აქცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყო, პროტესტის მონაწილეებმა შემდეგ რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლეს.
სტუდენტები მოითხოვენ, შეიკრიბოს აკადემიური საბჭო და მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ აპირებენ ფაკულტეტები სწავლის ჰიბრიდული რეჟიმის ორგანიზებას, რათა რექტორის მიერ მიღებული ბრძანება პრაქტიკაში განხორციელდეს.
სტუდენტები ასევე აცხადებენ, რომ მათი უცვლელი მოთხოვნაა, გამოცდების ჩაბარებაც დისტანციურ რეჟიმში იყოს შესაძლებელი.
სტუდენტები აცხადებენ, რომ რექტორის მიერ მიღებული ახალი ბრძანებით, „საგანმანათლებლო პროგრამისა თუ მისი კომპონენტების წარმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი, აღნიშნული პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით. 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში”.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, აღნიშნული განცხადების საფუძველზე გარკვეულმა ფაკულტეტებმა მიიღო გადაწყვეტილება სწავლების სრულად ონლაინ გაგრძელების შესახებ. მათმა ნაწილმა კი სწავლის პროცესი კვლავ სრულად აუდიტორიულ რეჟიმში გააგრძელა.