საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 1 მაისის მანიფესტს აქვეყნებს. პროფკავშირების განცხადებით, პანდემიის ფონზე ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ტურიზმის სექტორმა მიიღო, სადაც დასაქმებული იყო 44 ათასი ადამიანი და მათი უდიდესი ნაწილი უმუშევარი დარჩა. ასევე უმუშევრად დარჩა ვაჭრობის სექტორში დასაქმებული 100 ათასამდე მოქალაქე.
„შემოსავლის გარეშე აღმოჩნდა ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს შეუნარჩუნდათ ხელფასი, მიკროავტობუსების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, რომელთა შემოსავალიც ყოველდღიურ გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ. ანალოგიური მდგომარეობაა ტაქსების შემთხვევაშიც, სადაც მძღოლები პლატფორმაზე (აპლიკაციაზე) არიან დამოკიდებული და მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა ან შეწყდა“, – აცხადებს პროფკავშირების გაერთიანება.
ორგანიზაციის განცხადებით, სამუშაო დაკარგა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობამ, მათ შორის ზრუნვის ეკონომიკაში დასაქმებულმა, -ძიძებმა, რეპეტიტორებმა, დამლაგებლებმა, მომვლელებმა, რომელთა საერთო რაოდენობა, მათი განცხადებით, 40 ათასამდეა. ეს არის დასაქმებულთა ის ნაწილი, ვისი უფლებებიც კრიზისის დაწყებამდე ყველაზე ნაკლებად იყო დაცული და რომელთა უდიდეს ნაწილს ქალები შეადგენენ.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულთა ზეფექტურ შრომაზეც, „მათი ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ასრულებენ შრომით ვალდებულებებს“. ასევე აღნიშნულია მძიმე მეტალურგიაში და სურსათით ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა მაღალი პასუხისმგებლობა – „საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მომუშავე ადამიანებს, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად შრომასთან შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურების პირობებში უწევთ მუშაობა“.
გაერთიანება აცხადებს, რომ კიდევ უფრო დამძიმდა ქალების შრომა, რომელთაც საქართველოში ისედაც უთანასწორო გარემოში უწევდათ მუშაობა. ის ქალები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამსახურები, დისტანციური სამუშაო რეჟიმის პირობებში, კიდევ უფრო მეტი დატვირთვით მუშაობენ, რამდენადაც ახლა მათ უკვე პარალელურად უწევთ საოჯახო საქმის დამატებითი დატვირთვით შესრულება, ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვა, შვილების მოვლა ბაღების და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებების დროებითი დახურვისა და სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის პირობებში.
„კრიზისულმა სიტუაციამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოლიდარობის, უნივერსალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრება, რასაც ასე დაბეჯითებით და დასაბუთებულად ითხოვდა საქართველოს პროფკავშირები გაერთიანება. დღეს უკვე ნათელია, რომ ადამიანებს, იმისათვის, რომ გადარჩნენ სჭირდებათ შემოსავლით უზრუნველყოფა, რაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელიგახდა“, – აცხადებს გაერთიანება.
პროფკავშირების გაერთიანებას მიაჩნია, რომ ქვეყნის ხელისუფლებას თავის დროზე რომ დადებითად გადაეწყვიტათ პროფესიული კავშირების ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა უმუშევრობის შემწეობის დაწესებას, დღეს ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში აღარ დასჭირდებოდა, ასეთი ოდენობით, როგორც ფინანსური ისე ადამიანური რესურსების მობილიზება.
გაერთიანება მიიჩნევს, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე შემდეგმა ფაქტორებმა დააყენა:
- მიუხედავად საქართველოს პროფესიული კავშირების არაერთგზის მოთხოვნისა აქამდე არ ყოფილა ადგილობრივი წარმოება წახალისებული;
- დღემდე არ არსებობს შრომით ურთიერთობებში შრომითი უფლებების განხორციელებაზე ზედამხედველი ეფექტური სახელმწიფო ორგანო;
- არ მიმდინარეობს უმუშევრად დარჩენილი პირების აღრიცხვა, მათი დაცვის მინიმალური სტანდარტების განხორციელების მიზნით.
- ფაქტობრივად არ არსებობს მინიმალური ხელფასი ,რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულებს დღემდე 1999წ. დადგენილ ნიშნულზე ამყოფებს.
„მნიშვნელოვანია დასაქმებულების ღირსეული შრომის პირობებით უზრუნველყოფა და შრომისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ისევე, როგორც არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება და ყველა დასაქმებულის – დაცვის თანაბარი შესაძლებლობით უზრუნველყოფა“.
გაერთიანება მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა დასაქმებულის ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა, ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა, ისევე, როგორც კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა. განცხადების მიხედვით, ასევე მნიშვნელოვანია უმუშევრობის შემწეობის გარდა, ეფექტიანი საპენსიო რეფორმის განხორციელება და მომავალში სოციალური დაცვის ეფექტური და მდგრადი გარანტიების შექმნა და დანერგვა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატულ ნებას ადგილობრივი წარმოების წახალისების შესახებ.
პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- შეიმუშაოს არსებულ გამოწვევებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის ეფექტიან განხორციელებას ქვეყანაში;
- შექმნას დასაქმებულის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური სოციალური დიალოგი, დაინერგოს უმუშევრობის შემწეობა და ხელი შეეწყოს მინიმალური ხელფასის მარეგულირებელი რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.
- ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი შრომით ურთიერთობებში უსაფრთხოების დაცვისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
- საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შრომის ინსპექციას უნდა მიეცეს უფლება გააკონტროლოს და შეისწავლოს შრომის უფლებების დარღვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით დასაქმებული, რომელთა შრომითი უფლებებიც დაირღვა ამ პერიოდში მიმართავს სასამართლოს,
- ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა დაისახოს ადგილობრივი წარმოების განვითარება, განსაკუთრებით კი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების წარმოება.
- არაფორმალურად დასაქმებულთა შრომითი უფლებები უნდა გახდეს ისეთივე დაცვის საგანი, როგორიც ფორმალურად დასაქმებულების შემთხვევაშია.
„პროფესიული კავშირების თითოეული წევრი ვაცნობიერებთ რა, მთელი ერის და ზოგადად კაცობრიობის ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობას, მიგვაჩნია, რომ კრიზისის დაძლევა მხოლოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფით, სამართლიანი ანაზღაურებით და სოციალური დაცვის გარანტიებით მიიღწევა“, – აცხადებს პროფკავშირების გაერთიანება.
ამავე თემაზე: