ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცადებით, შეიქმნა ახალი პროტალი, რომელიც ოჯახის ექიმის მოძებნის შესაძლებლობას იძლევა.
ტიკარაძის განმარტებით, თუ მოქალაქისთვის არ არის ცნობილი, რომელ პოლიკლინიკურ ერთეულსა და ოჯახის ექიმზე არის მიბმული, ეს პორტალი ამის გარკვევაში დაეხმარება.
„ამ პორტალის საშუალებით, ყველა ჩვენს მოქალაქეს, პირადი ნომრის მითითებით, მიეცემა ინფორმაცია, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან მიმაგრებულები და ასევე, ოჯახის ექიმის სახელი და გვარი; აქვე მითითებული იქნება პირველად იჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი და მათ შეეძლებათ, გაიარონ კონსულტაცია საკუთარ ოჯახის ექიმთან“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს პორტალი განტვირთავს 112-ში შემავალ ზარებს და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს ლოდინის დრო საგრძნობლად შეუმცირდება.
პორტალის მისამართია: http://ambulatoria.moh.gov.ge/
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.
თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს.
თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.