„შეიქმნება 15 მაისის შტაბი“ | ოპოზიცია გეგმებზე

პუბლიკა

ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის. ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

„ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას“, – აცხადებს ბურჯანაძე.

„მომავალი კვირიდან გავალთ რეგიონებში და 15 მაისის მოსამზადებლად დავიწყებთ მუშაობას”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ. 

„დარტყმები იქნება უფრო აქტიური, რათა რაც შეიძლება მალე ეს უსამართლობის პირამიდა ჩამოიშალოს. დარტყმებში იგულისხმება სანქციების მოთხოვნა პერსონალურად ივანიშვილისა და მის გარემოცვაზე, ასევე, აქ იგულისხმება განმეორებით განცხადებების შეტანა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე”, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„ყველა პარტია ვთანხმდებით, რომ დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთი გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ თუ სანქციებზე ან პირობებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია და რომ კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი”, – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე. 

ოპოზიცია 15 მაისს აქციას თბილისში გეგმავს.