შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს - თურნავა

პუბლიკა

ქუთაისში ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის ექსპერტებისა და მინისტრების მონაწილეობით შეხვედრა იყო ჩანიშნული.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელშიც შევლენ მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტები. მისი თქმით, საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს.

„შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან. ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს პრექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი, ეჭვები“, – განაცხადა თურნავამ შეხვედრისას.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს ინვესტორი. მისი თქმით, ფონდის მართვაში ჩაერთვება ადგილობრივი მოსახლეობა.

„შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე, სახელმწიფო, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი მთლიანობაში ვფიქრობ, რომ 5 მილიონი ლარის იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს და მხარს დაუჭერს, დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. მის მართვაში ჩაერთვებიან პირველ რიგში მოსახლეობის წარმომადგენლები, თქვენი სათემო ორგანიზაციები და ეს ფონდი დაფარავს არა მარტო უშუალოდ რამდენიმე სოფელს, რომელიც მოყოლილია პროექტის არეალში, არამედ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ძირითად სოფლებს, რაც ხეობაშია განთავსებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტმა ხეობაში მოიტანოს მეტი განვითარება და უფრო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის აღება მოვთხოვოთ ჩვენ ინვესტორ კომპანიას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით ინვესტორი კომპანია დანიშნავს ქართველ დირექტორს, რაც მისი თქმით, უზრუნველყოფს პროექტის მართვაში სახელმწიფოს მეტ ჩართულობას.

„მესამე მნიშვნელოვანი რამ არის მიღწეული კომპანიასთან ჩვენი მოთხოვნით – დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს. ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და აი, ამ ჩართულობისა და ბერკეტის მეშვეობით ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.