შეიქმნება ინსტრუმენტი, რისი საშუალებითაც შესაძლოა, სესხებზე პროცენტი შემცირდეს - მთავრობა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა, საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატში, ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხები განიხილეს.

გავრცელებული პრესრელიზით, შეხვედრის მიმდინარეობისას, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეროვნული ბანკის მისამართით წამოჭრილი მთავარი საკითხი ლარის ლიკვიდობის მიწოდებას შეეხებოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა.

განსახილველ თემებს შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: პოსტკრიზისულ გეგმაში დამატებითი ღონისძიებები ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად; სამშენებლო-დეველოპერული სექტორისა და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკა და კერძო სექტორში კორპორაციული მმართველობის განვითარება, როგორც პოსტკრიზისული ინსტრუმენტი.

ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული პლატფორმა პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.