ჯანდაცვის სამინისტროში რეანიმატოლოგთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ხვალ შედგება კლინიკური ჯგუფის განმეორებითი შეხვედრა, რომელზეც შემუშავდება ყველა ნორმატიული დოკუმენტი, განახლდება გაიდლაინის ორივე ნაწილი – როგორც თერაპიული, ასევე რეანიმატოლოგიური.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ასევე იქმნება ოპერატიული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ რეანიმატოლოგები, ინფექციონისტები და ადმინისტრატორები:
„მიიღება ერთიანი, უნიფიცირებული მითითებები ყველა კლინიკისთვის (ეს აქამდეც დროდადრო კეთდებოდა. არ იყო დიდი სიახლე) და ამასთანავე, სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნება ოპერატიული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: თითო რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი და ადმინისტრატორი (ასე ვთქვათ, მენეჯერი). ასეთი ჯგუფი შეიქმნება სულ 4 ან 5 ან შეიძლება – მეტიც… ეს იქნება მობილური ჯგუფები, რომელთა ძირითადი დანიშნულება იქნება მყისიერი, ეფექტიანი და ოპერატიული კომუნიკაცია ყველა კოვიდკლინიკასთან (პირველ რიგში, თბილისის კოვიდკლინიკებსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, ვინაიდან ის ყველაზე ცხელი წერტილია ქვეყანაში) – ამ კოვიდკლინიკებში ვითარების ოპერატიულად გაცნობა და რამდენიმე დღეში დასკვნის დადება, თუ რა ძლიერი, სუსტი ადგილები აქვთ ამ კლინიკებს, რა არის გასაუმჯობესებელი/დასახვეწი, რა არის შესანარჩუნებელი და რა არის შესაცვლელი. აი, ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.