„შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც გაწევრიანდებიან პროდასავლური ძალები" - ოპოზიცია

პუბლიკა

დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის ცნობით, „რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც გეგმებსა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ. ამის შესახებ მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ საკოორდინაციო საბჭო შევქმნათ, სადაც გეგმებსა და სტრატეგიებს ერთობლივად შევიმუშავებთ. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ ხვალ, დილის 9 საათზე პარლამენტთან მოვიდნენ. 10 საათზე იქნება ბიუროს სხდომა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის შენობაში „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების ხმა ფიზიკურადაც ესმოდეს. პროტესტს სხვადასხვა ფორმა ექნება. ეს იქნება მულტიფუნქციური პროტესტი ქუჩაშიც, პარლამენტშიც, საერთაშორისო ტრიბუნებზეც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურ ძალისხმევას გავწევთ, რათა ინფორმაცია, იმ საფრთხის შესახებ, რაც ამ კანონით „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა, საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმითაც, შეხვედრისას შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიაც გაწევრიანდებიან პროდასავლური პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია.


იურიდიულ საკითხთა,  საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ.

პლენარულ სხდომაზე წარსადგენად ხვალ, 7 მარტს საკითხი ბიუროს სხდომას უნდა გადაეცეს.