შეისწავლოს შრომის ინსპექციამ თბილისში 2 მუშის დაღუპვის ფაქტი - „ღირსეული შრომის პლატფორმა"

პუბლიკა

„დაუყოვნებლივ შეისწავლოს შრომის ინსპექციამ თბილისში 2 მუშის დაღუპვის ფაქტი”, – ამის შესახებ განცხადებას ღირსეული შრომის პლატფორმა ავრცელებს.

პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები შრომის ინსპექციას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეამოწმოს კონკრეტული სამშენებლო ობიექტი და ადგილზე შრომითი უსაფრთხოების მდგომარეობა, სრულყოფილად შეისწავლოს მომხდარი შემთხვევა და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა მისი კომპეტენციის ფარგლებში.

ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევის დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება.

შრომის ინსპექციის მანდატის ეფექტური და პროაქტიული გამოყენება ამ სექტორში დაშავებისა და გარდაცვალების პრევენციის მიზნებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, გამოწვევაა ინსპექციის მხრიდან საწარმოთა სისტემატური რეინსპექტირების განხორციელება, ასევე, საფრთხის შემცველი დასაქმების ადგილების პროაქტიული შემოწმებების დროული ჩატარება.

აღნიშნულს მიღმა, პრობლემურია მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში კვალიფიციური კონსტრუქციული კვლევების წარდგენის შემოწმება მუნიციპალიტეტის მიერ, მსგავსი უმძიმესი შემთხვევების, ასევე  გარემოსა და ადამიანების დაზიანების დასაზღვევად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


14 მაისს თბილისში, ართვინის ქუჩაზე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე კედლის მოწყობის სამუშაოებისას ფერდობი ჩამოიშალა, რასაც 2 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ოუ ნი“ ასრულებდა.