„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ და სხვა მედიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ. უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას მოითხოვენ.
„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და პრესის თავისუფლების ორგანიზაციები, ვულოცავთ ქართველ ხალხს უცხოელი აგენტების შესახებ ინიციირებული კანონპროექტების ჩაგდებაზე მიღწეულ წარმატებას და მივესალმებით თქვენს ლიდრეობას ამ კანონპროექტების დაგმობისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის კუთხით.
ჩვენ გწერთ დღეს, რათა მოვითხოვოთ, რომ კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავოთ პრესის თავისუფლებისთვის და გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება ჟურნალისტ ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების მიზნით“, – აცხადებენ წერილის ავტორები.
უფლებადამცველი ორგანიზაციები წერილში ეყრდნობიან აშშ-ის საელჩოს, საქართველოს სახალხო დამცველის და ევროპარლამენტის შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმის შესახებ. მიუთითებენ, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად იყო აღქმული.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აგროვებს მონაცემებს, საქართველოში აქამდე არ დაფიქსირებულა მედიის წარმომადგენლის დაპატიმრების ფაქტი. გვარამიას საქმე კი ქვეყანას რეპრესიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოებთან დააახლოებს და დიდ ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას.
წერილის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანია ევროკომისიის 12 პირობის შესრულების კუთხითაც. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის მისწრაფებების შესრულებას ევროინტეგრაციის გზაზე.
„ამიტომ, ჩვენ დაჟინებით გთხოვთ, გააგრძელოთ ქართველი ხალხის მიერ უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ არსებული მკვეთრი უარყოფის იმპულსი. დაიკავეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია პრესის თავისუფლების მიმართ თქვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გასაძლიერებლად. დაჟინებით გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
- „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ);
- „მუხლი 19“;
- „ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია“ (AEJ);
- „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF);
- „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ);
- „ჰუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch);
- ფონდი „მართლმსაჯულება ჟურნალისტებისთვის“;
- „ინდექსი ცენზურის შესახებ“;
- „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI);
- PEN International
- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF).