შეხვედრა დასრულდა | წინაპირობების შესრულებაზე პასუხი პარასკევამდე უნდა იყოს - გოლეთიანი

პუბლიკა

რიონის ხეობის მცველების შეხვედრა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პარასკევამდე უნდა განაცხადონ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე. გოლეთიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ შეხვედრაზე დღის წესრიგში კვლავ დადგება შემდგომი წინაპირობა, რაც ხეობაში სამუშაოების შეჩერებას შეეხება.

„დღეს პოზიციები უნდა გაგვეცვალა მხარეებს, რა შემთხვევაში დაიწყებოდა მედიაცია. იცით, რომ ამისთვის ჩვენ გვქონდა პირობები – აღებულიყო ბარიკადები, გასულიყო პოლიცია და შეწყვეტილიყო სამუშაოები.

ნაწილი ამ პირობებისა შეთანხმდა, ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე -სოფელ  ნამოხვანში დაბრუნებას.

ასევე მკაფიოდ დადგა დაკავებული ბიჭების საკითხი. პროკურატურის მიმართ გაკეთდება მოწოდება, რომ ჩვენი თანამებრძოლები გათავისუფლდნენ. სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს მიმართვა პროკურატურის მისამართით.

ასევე არსებობს სხვების დაკავების საფრთხეც, სოფელ საყულიის შემთხვევას ვგულისხმობ, და ბუნებრივია, რომ ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი ამ დაკავებების ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ პროცესმა გადაინაცვლოს დიალოგის მშვიდობიან ფორმატში.

ასევე შევთანხმდით, რომ თუკი ეს პირობები შესრულდება შემდეგ პარასკევამდე, შესრულების შემთხვევაში ჩვენ ისევ შევიკრიბებით, დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი – რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებას ხეობაში.

ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით მათგან დეკლარირებულ პასუხს, რომ ბარიკადები უნდა იქნას აღებული და პოლიცია გაყვანილი და ჩვენი უნდა დავბრუნდეთ ნამოხვანში. მეორე ნაწილზე (სამუშაოების შეჩერებაზე) ამ ეტაპზე ჯერ პასუხს არ ველოდებით, ამას უკვე დაველოდებით შემდეგ პარასკევამდე.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღებნი, არ შეუძლიათ თქვან გადაჭრით – კი ან არა. ამიტომ ახლა რაც შეთანხმდა, ამ ეტაპზე ესეც გასავლელი აქვთ გადაწყვეტილების მიმღებებთან მათი მხრიდან და ამაზე პასუხი პარასკევამდე უნდა იყოს. თუ ეს შესრულდება, პარასკევიდან გავაგრძელებთ შემდეგ პირობაზე საუბარს”, – განაცხადა გოლეთიანმა.