„ალბათ ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის ვის შეხვდა, შესაბამისად მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა, ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ბიზნესმენი გადამისამართებულიყო ბიზნესწრეებთან“,- ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გუშინ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობას შეეხებოდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ხშირად, დღეს კიდევ მორიგჯერ ახსენეთ ეს ადამიანი და მეკითხებით, არის თუ არა ის ჩრდილოვანი მმართველი. რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის. ეს იცის პატარა ბავშვმაც, არც ჩრდილოვანი მმართველია, ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო ამდენი წლის მანძილზე. ის როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რაც არ უნდა მოგწონდეთ, არ მოგწონდეთ, ის ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას, (ეს არ არის უბრალო საქმიანობა), ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ“, – განაცხადა წულუკიანმა.
გუშინ მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.
ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.
ჩანაწერი youtube-ზე მომხმარებელმა cyber kmara-მ გამოაქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი, და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს. 25 აპრილს ატვირთული ახალი ჩანაწერის მიხედვით კი 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი.