შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების ევროკავშირისთვის მიუღებელია - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპაუაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრისას იყო საუბარი იმაზეც, რომ მიუღებელია ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა.

„ვფიქრობ, მთავარი რაც არის, ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, მცდელობა რომელიც ჩვენ გვსმის სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და სამწუხაროდ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან და ევროპელი პოლიტიკოსებისაგან, მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის ასეთი დამოკიდებულება – ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის, ხალხის, ხელისუფლების მიმართ რომელიც წარმოადგენს საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას.“

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად იყო თუ არა ეს მოსაზრება უშუალოდ ჯოზეფ ბორელის მხრიდან გამოთქმული, პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხა:

„დიახ… რა თქმა უნდა.. პოზიცია არის, რომ მიუღებელია ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა. ხელისუფლება არის ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენელი ამ აქვეყნის.“

დღეს ჯოზეფ ბორელი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა.

ბორელი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსაც ხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს.