ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება და დარღვევებს დაამტკიცებს.
„იყო ძალიან კარგი შეხვედრა, როგორც ჩვენ ეს ვიცით პრემიერ-მინისტრისგან. ძალიან კონსტრუქციული, მათ შორის, დღევანდელისგან განსხვავებით გუშინ კონსტრუქციული იყო ოპოზიციაც და შეთანხმება შედგა იმაზე, რომ უნდა გაიხსნას ახალი ეტაპი მოლაპარაკებების.
ახალი ეტაპი თავის თავში გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოვახერხოთ ერთმანეთთან უნდა ვიპოვოთ გადაკვეთის წერტილები და შეთანხმება უნდა დასრულდეს პოზიტიური შედეგით.
დაახლოებით ეს მცდელობა ჩვენ უნდა დავასრულოთ ორკვირიან ვადაში და ეს იქნება ძალიან კარგი, მათ შორის, არსებობს ჩამონათვალი კონკრეტული საკითხების, რაც ისედაც იდო მაგიდაზე. უბრალოდ დაემატა გარკვეული საკითხები და ეს იყო კომპილაცია იმ საკითხებისა, ისედაც წარმოდგენილი ჰქონდა მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენს ოპონენტებს, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხთან.
გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება და საზოგადოების დარწმუნება, თითქოს იქ რაღაც ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას მაინც იპოვიან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. სხვა შემთხვევაში ასეთზე საუბარი არ არის, მინდა, ქართული საზოგადოება დავარწმუნო, რომ პირიქით, ეს საკითხი გვერდზე იყო გადაწეული და საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა მოვნახოთ ის გადაკვეთის წერტილები, რომლებიც საბოლოოდ მიგვიყვანს ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგებამდე და ყველა პარტიას აიძულებს, პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენონ სახელმწიფოებრივი ინტერესები“, – განაცხადა მდინარაძემ.