შეხვედრების ოთახში ბარიერი ამოავსეს, რომ არ გვქონდეს სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია - ადვოკატი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ოთახში უწყებამ ადვოკატებსა და მას შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია სრულად გააკონტროლოს და ის სრულად შეზღუდული იყოს.

„წარმოუდგენელი რამ ხდება, მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს საერთოდ დაცვის უფლება, ვინაიდან, ადვოკატებს აღარ გვაქვს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის, მოგეხსენებათ მისი და ჩვენი შეხვედრის უნარი ბუნებრივია აღჭურვილია კამერებით და ცხადია ხორციელდება აგრეთვე აუდიო ჩაწერა. იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ჩვენ შორის ბარიერი ბოლომდე ამოვსებული, დღეს როცა შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი. ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე, რომ ჩვენ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია და ყველა კომუნიკაცია იყოს გაკონტროლებული ხელისუფლების მხრიდან. გართულდეს კომუნიკაცია, რადგან ადამიანი 27-ე დღეა შიმშილობს. ის დასუსტებულია და ხმის გაგონებაც კი რთულია, თუ ხმამაღლა არ იყვირე”,- უთხრა საძაგლიშვილმა „მთავარ არხს“.


მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კონსილიუმის რეკომენდაცია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. კონსილიუმი წერს, რომ მისი გადაყვანა საჭიროა c ტიპის დაწესებულებაში. სახალხო დამცველის თქმით, კონსილიუმის წევრთა მოთხოვნებს ციხის საავადმყოფო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის გადასაყვანად სთავაზობს, ვერ აკმაყოფილებს.

იუსტიციის სამინისიტრო კი, ამბობს, რომ ციხის საავადმყოფო მზადაა მიიღოს მოშიმშილე პატიმარი და მართოს მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაა და ასევე ის, რომ აღნიშნულ საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი განცხადება გავრცელდა როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების გამო; აგრეთვე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისთვის.