შეკითხვები არ ეხებოდა ჩემს საქმიანობას, შეეხებოდა ჩემს ეთერებს ტელევიზიებში - კალანდაძე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა.

გამოკითხვიდან გამოსულმა კალანდაძემ ჟურნალისტებს გაუზიარა ის საკითხები, რითაც გამოძიება დაინტერესდა.

„კითხვები საერთოდ არ ეხებოდა ჩემს საქმესთან კავშირს; საერთოდ არ ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს; საერთოდ არ ეხებოდა ჩემი საქმიანობის პერიოდს საგარეო საქმეთა სამინისტროში; ეხებოდა ჩემს ეთერებს სხვადასხვა ტელეეთერში.

მოგვასმენინეს [2012 წელს გაკეთებული ნინო კალანდაძის] განცხადება, შემდგომ ყველა შევთანხმდით, რომ ეს ჩანაწერი არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რომ აზრის გამოტანა საკმაოდ რთულია; სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა კონკრეტული კითხვის გაგება, რა აინტერესებდათ ჩემს პასუხთან დაკავშირებით; მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია.

საყურადღებოა ის, რომ მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს; დავით-გარეჯი შედის შეუთანხმებელ ნაწილში, ანუ ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

რაც შეეხება 2012 წლის განცხადებას, რომელიც ნინო კალანდაძემ ახსენა; საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ სასამართლოს დაწყებამდე განაცხადა, რომ გამოძიების ნინო კალანდაძით დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი განცხადება, თითქოსდა დავით გარეჯი არ მიეკუთვნებოდა საქართველოს ტერიტორიას.

ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ყოველკვირეული ბრიფინგიდან, როცა ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი იყო. მისი განმარტებით, მაშინ ჟურნალისტის შეკითხვას სპონტანური პასუხი გასცა.

„სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს საქმეზე, რომელიც 2006 წლისაა, იმ დროს მე საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთოდ არ ვიმყოფებოდი. ჩემი ე.წ. ყბადაღებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და აფრიალებს მხოლოდ ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფი, ის დავით გარეჯს არ ეხება და რომც ეხებოდეს, საერთოდ არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ეს იყო ჩემი ყოველკვირეული ბრიფინგი, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი სპიკერი და ეს არ იყო 2006-2007 წლებში, არამედ ეს იყო 2012 წელს, ივანიშვილის არჩევნების წინ. ბრიფინგის მიწურულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რომელსაც გავეცი სპონტანური პასუხი, სადაც გარკვევით განვმარტე, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ქართულ და აზერბაიჯანულ სახელმწიფოებს შორის, რათა მიმოსვლა აღდგეს, საერთოდ არ ყოფილა საუბარი, რომ გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა საქმის პროკურორმაც.

მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნინო კალანდაძე კითხვების უმეტესობას პასუხობდა რომ არ იცოდა ან არ ახსოვდა.

ნინო კალანდაძეს აბსოლუტურად ყველა რელევანტური კითხვა დავუსვით, მათ შორის, ბუნებრივია, კითხვები მიმართული იყო მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ის აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა. ამასთან დაკავშირებით პასუხი პრაქტიკულად ვერ მივიღეთ. ვერ მივიღეთ რამე გონივრული, დასაბუთებული პასუხი, რომელიც შეიძლება სამომავლოდ სამართლებრივი შეფასების საგანი გახდეს, ასევე, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ სხვა კითხვაზე, ნინო კალანდაძის მხრიდან პასუხი იყო, რომ არ იცის, არ ახსოვს და მასთან ეს საკითხები არ განიხილებოდა.

ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ავტომატურად იყო იმ პერიოდისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეს პოზიცია იყო მისი განცხადების შესაბამისად, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს განცხადება საჯარო სივრცეშია და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. თუმცა, ამაზე მას არანაირი პასუხი არ გაუცია, ასევე სხვა შემხვედრ საკითხებთან დაკავშირებით, მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა და ეს საკითხები მასთან არ განიხილებოდა“, – განაცხადა სადრაძემ.

ნინო კალანდაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების, ფარგლებში. საგამოძიებო უწყება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტს იძიებს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრი [ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა] და გამოკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის, დავით-გარეჯის მონასტრის მღვდელმსახურები და წინა ხელისუფლების ჩინოსნები.