შეკვეთა დავტოვე და ვბრუნდებოდი, აქციაზე არ ვიყავი - 3 000 ლარით დაჯარიმებული კურიერი

პუბლიკა

იპოდრომთან 3 000 ლარით დაჯარიმებული ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის თანამშრომელი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბარში აცხადებს, რომ აქციაზე არ იმყოფებოდა, შემთხვევით მოხვდა იპოდრომთან, რადგან შეკვეთა დატოვა და ბრუნდებოდა, თუმცა, სამართალდამცველებმა მისი განმარტება არ მოისმინეს.

„შეკვეთა დავტოვე, ჩოჩქოლი დავინახე და დამაინტერესა, გავაჩერე მოპედი. იქ დგომის გამო მომკიდეს ხელი, წამომიყვანეს, ჩამსვეს  მანქანაში, ჩემი განმარტება არაფრად ჩააგდეს  და გამომიწერეს 3 000-ლარიანი ჯარიმა. ახლა მომცეს ნება გადმოვსულიყავი მანქანიდან. მე არ ვიღებდი მონაწილეობას აქციაში”, – ამბობს  ზურაბ ქუტიძე.


„გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა!“ – დღეს პარტია „გირჩმა“ ამ მოთხოვნით იპოდრომზე აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი  3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.