შეკვეთილია, დაახლოებით, 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში. მისი თქმით, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ისთვის, 700 000 ადამიანისთვის ასაცრელი მასალა.

„ვაქცინის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე იყო სერიოზული მსჯელობა. უკვე 31 აგვისტოს ქვეყანამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, რომ ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველო დაფიქსირდეს. რადგან ჩვენ დაინტერესებული ვართ Covid-ის პლატფორმაში მონაწილეობით.

ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ისთვის, დაახლოებით 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა [ასე იძლევიან], რა თქმა უნდა, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება, შესაბამისი განფასებით. გვაქვს კიდევ 2 დედლაინი. 18-ში გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ის იქნება ასევე ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში რისკჯგუფებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი –განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.