7-თვიანი პატიმრობის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა. მას რუსთავის ციხესთან ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და აქტივისტები დახვდნენ.
გიორგი ვაშაძეს პროკურატურა „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა.
რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან ციხეში გატარებულ დროსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ძალიან შემართებით ვარ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ემოცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი… მინდა, მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებული განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე. ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. გვინდა, რომ საპატიმროში არავინ აღარ იყოს.
გვინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ.
სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, განსაკუთრებით, როცა ოჯახს შორდები, შვილებს, მეუღლეს, თქვენ ყველას, მაგრამ რწმენა იმისა, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად დიდია, არც ერთი დღე, ნამდვილად, არ გამჭირვებია. მადლობა, ყველას, რომ გახსოვდით. ძალიან ბევრ წერილს ვიღებდი. მადლობა განსაკუთრებით ემიგრანტებს, უცხოეთიდან ბევრ წერილს ვიღებდი.
მინდა განსაკუთრებით დიდი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, რომელსაც ციხიდან ასხივებენ, გვაძლიერებს აბსოლუტურად ყველას, დიდი მადლობა მათ დედებს. საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის, რომ ჩართავ ტელევიზორს, ციხეში მყარად ხარ და ძლიერად ხარ. რუსთაველის პროტესტის ყველა აქტიურ ადამიანს, ყველა მებრძოლ პატრიოტს, ჩვენ რა განგვასხვავებს, ხომ?! ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გვინდა, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. ვიყოთ ძლიერები ძლიერთა შორის, ვიყოთ განვითარების ავანგარდში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან კომენტარი გააკეთა პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის წარდგენილ ახალ ბრალზეც.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში „არაფერია“ და „ეს საქმე წინ ვერ წავა“.
„რაც შეეხება ახალ საქმეს, ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან. მომივიდა საქმე, რომელშიც არის ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი, მეტი არაფერი წერია. აი, საერთოდ არაფერია საქმეში.
მე უბრალოდ ვეუბნები საზოგადოებას, რომ ეს არის რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ. მე არ მინდა, რომ მარტო მე კი არა, არავინ იცხოვროს ამ რეალობაში და უკან დახევა კი არა, იქნება შემართება, მობილიზება, გვერდში დგომა, ერთმანეთის გამხნევება და წავალთ წინ. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მშობლებს და შვილებს ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
არიან პატიმრები, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი და სხვები, რომლებსაც შვილებს არ ახვედრებენ. შვილმა რა უნდა დააშავოს, რა საქმეც არ უნდა იყოს? ამიტომ, ეს საქმე არის არაფერი. მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე შეწყდება. ჩვენ ამ საქმეშიც გავიმარჯვებთ და ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ და მე მაქვს რწმენა იმის, რომ ყველა ერთად ძლიერად შევაბიჯებთ ევროკავშირში. […]
პატიმრების გათავისუფლება, რეჟიმის შეცვლა ეს ჩვენი ამოცანებია, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ეს საბოლოო მიზანი არ არის. ჩემი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიყოთ განვითარებული ქვეყანა, რეფორმები ვაკეთოთ, რომელიც ხალხს რამეს მოუტანს. […]
ჩემი საქმე იგივეა, რომ ხვალ დილით თქვენ [ჟურნალისტებმა] გაიღვიძოთ, ჩართოთ ტელევიზორი და გენერალური პროკურორი გამოდის და ბრალს გდებთ მკვლელობაში, ოღონდ არც მოკლული არსებობს და არაფერი, უბრალოდ გეუბნებათ, რომ ბრალდებული ხართ და უნდა ჩაგსვან ციხეში. ზუსტად იგივეა. რანაირად შეიძლება რომ ეს საქმე წინ წავიდეს.
ჰგონიათ, რომ ჩვენ უკან არ და ვერ დავიხევთ – ჩვენს უკან არის ხალხი, სამშობლო, შვილები და რანაირად დავიხიოთ უკან? სად წავიდეთ? ნებისმიერ ქვეყანაში წავალ, მაგრამ მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული და არ დავიხევ უკან. ვაპირებ ბრძოლას“, – თქვა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მისი თქმით, დებატები პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე.
„დებატები? კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა რაღაცა ფარსი, რომელიც მათ უყვართ ხოლმე. პარლამენტში რომ ვიყავით და ფასები მაღალიაო რომ ვეუბნებოდით, მართალი აღმოვჩნდით? კორუფციას მიაქვს ქვეყანაო რომ ვამბობდით, მართალი აღმოვჩნით? კრიმინალზე რომ ვამბოდით, მართალი აღმოვჩნდით? ხომ აღიარეს, რომ ყველაფერში მართლები ვიყავით. აქაც მართლები ვართ და ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. 2025 წლის 24 ივნისს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა.
ამავე საქმეზე სასჯელს იხდიან ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც – ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ასევე გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
სასჯელი სრულად მოიხადა ზურაბ ჯაფარიძემ, ხოლო ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ „ოცნების“ პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დროზე ადრე დატოვეს საპატიმრო.