შემაშფოთებელი და დასაგმობი - ომბუდსმენი ბავშვთა უფლებების შესახებ მეგრელიშვილის განცხადებაზე

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა პარლამენტარ ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის ანონსში ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვა „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

„გადაცემის მსვლელობისას ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობს ბავშვთა მიმართ ძალადობაზეც და აღნიშნულს განიხილავს, როგორც თემის კულტურულ თავისებურებას, რომელშიც არ უნდა ხდებოდეს ჩარევა. პარლამენტარმა ასევე, გააჟღერა რომ ბავშვის ცემა არის მშობლის უფლება. აღნიშნულის მაგალითად ვახტანგ მეგრელიშვილი მოიყვანა ბავშვობისას ოჯახში ძალადობის საკუთარი გამოცდილება და ახდენდა ამ შემთხვევის ნორმალიზებას“, – აღნიშნულია განხცადებაში.

სახალხო დამცველის თქმით,  საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას.

„ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე, ეწინააღმდეგება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, სამაუწყებლო კომპანია „ფორმულას“ მიერ აღნიშნული გადაცემის ეთერში განთავსებისას, ბავშვთა უფლებების და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხები გაშუქდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მგრძნობიარე მიდგომის გამოყენებით და საკითხის შესახებ დაბალანსებულად წარმოჩენილი პოზიციების საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია, მაუწყებელმა გადაცემის მიმდინარეობისას დაიცვას გადაცემის მონაწილე არასრულწლოვანთა უფლებები.


„ფორმულას“ გადაცემა „ჩათის“ ანონსში პარლამენტის დეპუტატის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა ბავშვთა უფლებების შესახებ.

მეგრელიშვილი ბავშვებს მიმართავს შემდეგნაირად: „ … ბავშვებს უფლებები არ გაქვთ;“  „…იმ თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მიტყეპვა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის…“;  ასევე, ბავშვების შეკითხვაზე,  დასაშვებია თუ არა მშობლების მიერ ბავშვის ცემა, ის პასუხობს, რომ მშობელს უფლება აქვს ბავშვს სცემოს. ბავშვის ფრაზას, რომ ის არ იცნობს „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ პასუხობს, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან შიგნით [კოდექსში] ბევრი სისულელე წერია.

ამ საკითხზე პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს ასევე ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.