შემაშფოთებელია ის რეაქცია, რაც რუსეთთან ფრენაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ - კოლომინა

პუბლიკა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წამომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, შემაშფოთებელია რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყება, მაგრამ უფრო შემაშფოთებელი იყო ის რეაქცია, რაც ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ.

„ზოგიერთი რეაქცია, რომელსაც ვხედავდით ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული რუსეთის მხრიდან, აღდგენილიყო ფრენა, რეაქციები, რომელსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის. მე გადავეცი გზავნილი თქვენს ხელისუფლებას.

ჩვენ გვესმის, რომ ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ რა იყო იმ მომენტში ამაზე რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როცა ჩვენ გვწამს, რომ ყველა უნდა ვუჭერდეთ მხარს უკრაინას…

ჩვენი შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაქციებს, რაც მოვისმინეთ პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. იმიტომ, რომ ეს კრიტიკული მომენტია უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების კუთხით და ეს თითოეული ჩვენგანისთვის პრიორიტეტულია, ასევე უნდა იყოს პრიორიტეტული ჩვენი პარტნიორებისთვის. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ეს ქმნის გარკვეულ სივრცეს, რუსეთმა პოტენციურად აარიდოს თავი დაწესებულ სანქციებს.

ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ხელისუფლებასთან სანქციების თავიდან არიდების სამუშაოებზე. კარგი სამუშაო გაკეთდა ბევრ ასპექტში, მაგრამ ეს რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, სულ მცირე, ქმნის იმის ჩრდილს, რომ რუსეთი აქ იპოვის გარკვეულ სივრცეს სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და ვისაუბრეთ თქვენს ხელისუფლებასთან, ამისგან თავის ასარიდებლად შესაბამისი ზომები მიღებაზე“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.