შემაშფოთებელია ხალხზე, სავარაუდოდ, კოორდინირებული ძალადობის ყურება - დეგნანი პრაიდფესტივალის ჩაშლაზე

პუბლიკა

„სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ყურება, რომლებიც იყენებდნენ ძალადობას და ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ”, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ძალადობრივი ჯგუფების მიერ Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლას.

დეგნანის თქმით, ძალადობა, სავარაუდოდ, კოორდინირებული იყო და ეს შემაშფოთებელია.

ელჩის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს ოფიციალური პირებისგან არსებობდა გარანტიები, რომ ფესტივალზე პროტესტანტებს არ დაუშვებდნენ და ისინი უსაფრთხო დისტანციაზე ეყოლებოდათ, ასე არ მოხდა და პოლიციამ მათ კორდონის გარღვევისა და კერძო საკუთრების განადგურების უფლება მისცა.

„ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ყურება, რომლებიც მიმართავდნენ ძალადობას, კერძო კონცერტის ჩასაშლელად. განსაკუთრებით, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები შესაძლოა, ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის თანაგრძნობის, სიყვარულის, ტოლერანტობის პატივისცემის შესახებ და იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად.

გასული კვირის შაბათამდე ერთი დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები ირწმუნებოდნენ, რომ პროტესტანტებს არ დაუშვებდნენ ტერიტორიაზე და რომ პროტესტანტები უსაფრთხო დისტანციაზე ეყოლებოდათ ფესტივალისგან. არც ერთი არ შესრულებულა. უმართავ ბრბოს ნება მისცეს, თბილისის ქუჩებში კილომეტრები გაევლოთ, ძალადობისკენ მოწოდებით. მათ ნება დართეს, არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრი გაერღვიათ, არამედ ტერიტორიაზეც შესულიყვნენ და გაენადგურებინათ კერძო საკუთრება პოლიციისგან საპასუხო ქმედების გარეშე.

ძალიან შემაშფოთებელია ხალხზე, სავარაუდოდ, კოორდინირებული ძალადობის ყურება, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ესენი არიან იგივე ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ 2021 წელს. ისინი არიან Facebook-ზე, ისინი მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამბობენ, რომ დაუმტვრევენ ყბებს, დაღვრიან სისხლს და ამაყობენ იმით, რომ არიან ძალადობის მხარეს. თბილისში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, თუ ამ ადამიანებს, რომლებიც ვიდეოებზე [დარბევის] არიან, დააკავებენ და პასუხისგებაში მისცემენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა. [თარგმანი ეკუთვნის „ფორმულას”]