შემაშფოთებელია საქართველოში შექმნილი სიტუაცია, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აწუხებთ საქართველოში ბოლო დროს შექმნილი სიტუაცია, მათ შორის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი. მისი თქმით, ალიანსი კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება, ამიტომ მოუწოდებენ ქართველ პოლიტიკოსებს იპოვონ გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან, რათა შეძლონ რეფორმების გაგრძელება ევროინტეგრაციის გასაღრმავებლად.

„NATO გახლავთ ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია ძირითად ფასეულობებზე – ეს არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია და პიროვნული თავისუფლება. ეს არის ქვაკუთხედი, რომელიც საფუძვლად უდევს ალიანსის ყველა წევრს. ამიტომ ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოდერნიზებას. როგორც უსაფრთხოების სექტორში, ისე მართლმსაჯულების სისტემაში.

NATO წლებია უჭერს მხარს საქართველოს ამ საკითხებში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავების საკითხი.

ამიტომ აუცილებელია გამოსავლის პოვნა ამ რთული მდგომარეობიდან და თუ ასე მოხდება, საქართველო შეძლებს გაატაროს ის რეფორმები, რომელიც მისთვის დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა მათ საშუალებას აძლევთ რთულ საკითხებზეც წარმართონ საუბარი, მათ შორის პოლიტიკურ კრიზისზე საქართველოში, რომელიც ალიანსის წევრებისთვის დამაფიქრებელია. სტოლტენბერგმა მოუწოდა ირაკლი ღარიბაშვილს იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად ამ კრიზისის დასაძლევად.

„ჩვენი ახლო თანამშრომლობა გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ თავს არ ვარიდებთ რთულ დისკუსიებსაც. დამაფიქრებელია ბოლო ხანებში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და ჩვენ მოგიწოდებთ, რომ საქართველომ გააძლიეროს ის დემოკრატიული სტანდარტები, რომელთა მისაღწევადაც უკანასკნელ წლებში ბევრი იშრომა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების დიალოგით გადაჭრას და მტრული რიტორიკისა და მოქმედებისგან თავის არიდებას.

NATO მხარს უჭერს იმ მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგიწოდებთ, რომ იმუშაოთ ოპოზიციასთან ერთად კრიზისიდან საერთო გამოსავლის საპოვნელად“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.