ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, იქნება ჩინური. მისი თქმით, ჩინური ვაქცინა მკაცრი მარეგულირებლის მიერ არის აღიარებული და ის არის უსაფრთხო.
„შემდეგი არის ჩინური ვაქცინა, რომლითაც მე უნდა ავცრილიყავი, ვინაიდან ჩინურთან მიმართებაში არაერთი კითხვა არსებობს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ჩინური ვაქცინის შემოტანის. თუმცა აქ ჩვენ დავიცავით პრინციპი, რომ უნდა იყოს აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. ეს ვაქცინა ამ ეტაპისთვის არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვაქცინა ჩავთვალოთ გამოყენებისთვის უსაფრთხოდ. უახლოეს მომავალში ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, დღეს, გვიან ღამით საქართველოში Pfizer-ის 29 500 დოზა შემოვა, რომელიც 14 000 ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინას თავდაპირველად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიიტანენ, რომელიც გადანაწილდება. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.