საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი პრეროგატივაა არაა დანიშნოს ახალი არჩევნები. მით უმეტეს, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა შეკითხვას ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები. ჩვენ 2020 წლის ოქტომბერში გვქონდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ეუთომ, ODIHR-მა და საერთაშორისო დამკვირველებლებმა ეს არჩევნები აღიარეს როგორც კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და სამართლიანი. შესაბამისად, შემდეგომი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება“ – განაცხადა ღარიბაშვილმა ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ღარიბაშვილმა ისაუბრა პოლიტპატიმრების თემაზეც. ეს საკითხიც, მისი თქმით, პრემიერის გადასაწყვეტი არ არის. თუმცა, პოლიტიკოსის სტატუსი მართლმსაჯულებისთვის გამონაკლისს არ უნდა ნიშნავდეს. შესაბამისად, ღარიბაშვილის თქმით, სასამართლო გადაწყვეტს თითოეული პატიმრის ბედს.
„მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებისა, ყველამ უნდა დავიცვათ სამართლის უზენაესობა. გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას, კანონის უზენაესობას, არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. სწორედ ეს ვიგულისხმე გუშინ, როცა ვთქვი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.