დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოეწოდება AstraZeneca იქნება და მას ქვეყანა მარტის პირველ ნახევარში მიიღებს. ამის შესახებ გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
„პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა pfizer-ის ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება AstraZeneca-სი, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
30 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანამ მიიღო საბოლოო დასტური იმის შესახებ, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით.