„არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილი, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშივლი facebook-ზე წერს.
მისი თქმით, ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და „ის, რომ ერთმანეთისთვის, ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები”.
„თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმებისა და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად”, – წერს სააკაშვილი.
აღსანიშნავნია, რომ გუშინ, 20 სექტემბერს, სააკაშვილმა „tv პირველის” ეთერში განაცხადა, რომ „ის საერთოდ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას”.
შეკითხვაზე – ხედავთ თუ არა კოალიციური მთავრობის აუცილებლობას? – სააკაშვილი პასურობს:
„მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების, მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების. საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფო აზროვნების, მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციობის, მე მჯერა ფართო ხედვისა და პატრიოტიზმის. მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების…”, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეკითხვებზე – ხომ არ გამორიცხავთკოალიციურ მთავრობას? ხომ არ გამორიცხავთ, რომ ამ არჩევნების შედეგებმა დადოს ისეთი რეალობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას? – სააკაშვილი პასუხობს: „ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას „ნაციონლური მოძრაობა“, ანდა საქართველო დაიღუპება. ეს ერთი.
მეორე, ჩვენი გამარჯვების შემდეგ (საქართველო არ დაიღუპება, ჩვენ გავიმარჯვებთ) იქნება ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა. იქ იქნება პარტიებიც, სხვაც, მაგრამ ფართო საზოგადოებრივი ინტერესით. საერთოდ, ბოლომდე არ მჯერა მე პარტიული…”.
შეკითხვაზე – ამომრჩეველს მარტო ორი არჩევანი აქვს – ან თქვენ, ან ბიძინა ივანიშვილი? – სააკაშვილი პასუხობს: ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ყველაფერი დანარჩენი მცდელობა, რომ რაღაცნაირად მოხდეს სურათის გაბლარვა, არაფერს არ მოგვცემს.