ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას. ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული“, – განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, ეს გახდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისში მისი მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
„ეს არის მისი დაპირების შესრულების სამართლებრივი საფუძვლის მომზადება. გრიგოლ ვაშაძემ არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ და დღეს უკვე ვიწყებთ ამ პროცესს. ბიუროს მომავალი სხდომიდან მიეცემა უკვე სამართლებრივი მსვლელობა ამ კანონპროექტს და მის განხილვას. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე ეს კანონპროექტი შევა ძალაში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.