შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ბათუმში შემოვიდა ინდონეზიური დროშის მქვეშ მცურავი გემი CAPIBARA 15 000 ტონა დიზელით.
ამავე დროს, აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბათუმში შემოსული გემი დატვირთულია 15 000 ტონა „სანქცირებული დიზელით”, „დეზინფორმაციაა” და არც გემზე და არც ტვირთზე სანქციები არ ვრცელდება.
„შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი – CAPIBARA, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი – 15 000 ტონა დიზელის საწვავი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში”. – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
გუშინ, 4 აგვისტოს ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ „ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – Capibara, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა Газпром нефть-ის სანქცირებული დიზელით”.
მისივე განცხადებით, მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია BONEX-ია.