შემოსავლების სამსახური: მოკვლევა დავიწყეთ ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძისგან უძრავ ქონებას ქირაობს

პუბლიკა

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ მოკვლევა დაიწყეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

„საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

2 აგვისტოს „ლელო – ძლიერის საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დამახინჯებულს უწოდებენ მამუკა­ ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავენ, რომ გერმანიის ელჩისთვის, იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.

„გუშინ სამთავრობო არხებმა გაავრცელეს დამახინჯებული ინფორმაცია, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ, რაც მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას წარმოადგენს, ერთის მხრივ მამუკა ხაზარაძის ოჯახის და მეორეს მხრივ გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რასაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონია ადგილი. გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება (N221439682 / 21.10.2022 წ.). გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია!“, – ნათქვამია ადვოკატების მიერ 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.