შემოსავლების სამსახური: „საქართველოში სომხური ტვირთების „ბლოკირების“ შესახებ ინფორმაცია არის სრული სიცრუე“

პუბლიკა

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია,  რომ სომხეთში თხევადი გაზი ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სომხეთში ნავთობის რუსეთიდან ტრანზიტი შეაფერხა, დეზინფორმაციაა და „ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.“

განცხადებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება.

„ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 – საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ  მონიტორინგს ექვემდებარება და  ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა – ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – აცხადებს უწყება.

„OC მედია“ წერს, რომ სომხეთში თხევადი გაზი ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სომხეთში ნავთობის რუსეთიდან ტრანზიტი შეაფერხა.

გამოცემის თანახმად, საქართველო ანალოგიურად მოიქცა, როცა სომხეთიდან რუსეთში სომხური ბრენდის ექსპორტი აკრძალა.

„OC მედიას“ თანახმად, სამშაბათს, ბენზინგასამართ სადგურებზე თხევადი გაზის ფასმა ლიტრზე 170 სომხური დრამი (0.44 აშშ დოლარი) შეადგინა, რაც მკვეთრად ზრდაა წინა ფასთან შედარებით, როცა ლიტრი 120 სომხური დრამი (0.31 აშშ დოლარი) ღირდა.

თხევადი გაზი სომხეთში ტრანსპორტირებისთვის ყველაზე გავრცელებული და იაფი საწვავია.