ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ბრიტანული არხის Sky News-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში მაინც შედის, ეს კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს საშუალებით ხდება.
„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, არ არსებობს არცერთი ფაქტი, იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოდან წამოსული სანქცირებული მსუბუქი ავტომობილი, საქართველოს გავლით ტრანზიტის, ექსპორტის ან რეექსპორტის რეჟიმით გაიგზავნა რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით”, – აცხადებენ უწყებაში.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება შეიცავს ბუნდოვან, დაუსაბუთებელ ინფორმაციას და ტელეკომპანიის მიერ მოყვანილი ფაქტები მეტ სიცხადეს საჭიროებს. მათივე განცხადებით, სიუჟეტის მომზადების დროს ბრიტანელი ჟურნალისტი საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტების მისაღებად უწყებას არ დაჰკავშირებია.
„როგორც Sky News-ის ჟურნალისტი ამბობს, მის მიერ სიუჟეტისთვის გადაღებული ყველა ძვირადღირებული მანქანა სანქცირებულია და მათი გადაყვანა საზღვარზე ნიშნავს სანქციების გვერდის ავლას.
ამ კონკრეტულ საკითხზე შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ, მათ შორის, სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთის ფედერაციაში ან ბელარუსში შეტანასაც”, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას.
„აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ამასთან, აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც ფიზიკური პირის პირად საკუთრებაშია, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.
აგრეთვე, სხვა საქონლისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგ: მოწინავე ტექნოლოგიური ან მაღალპრიორიტეტული საქონელი, არცერთი ამ ქვეყნის სანქციების რეგულაციით არ იკრძალება მსუბუქი ავტომობილების მესამე ქვეყნის დანიშნულებით, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის გავლით ტრანზიტულად გაგზავნა.
შესაბამისად, საქართველო ცალმხრივად ვერ აკრძალავს ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის პროცედურებს იმ საქონელთან მიმართებით, რომელზეც სანქციების რეგულაციების მიხედვით, არ ვრცელდება აკრძალვები/შეზღუდვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი პარტნიორ უწყებებთან ერთად, მკაცრ კონტროლს ახორციელებს ტრანზიტული ნომრის მქონე ავტომობილებზე და დეტალურად ეცნობა წარდგენილ სათანადო დოკუმენტაციას.
სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, არ არსებობს არცერთი ფაქტი, იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოდან წამოსული სანქცირებული მსუბუქი ავტომობილი, საქართველოს გავლით ტრანზიტის, ექსპორტის ან რეექსპორტის რეჟიმით გაიგზავნა რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით.
სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია, თითქოს მანქანების უმრავლესობას სარეგისტრაციო ნომრები არ აკრავს – არ შეესაბამება სინამდვილეს. საბაჟო საზღვრის კვეთისას, ფიზიკური პირი მებაჟე ოფიცერს წარუდგენს მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილს დროებით სანომრე ნიშნით, რომელიც გაიცემა დროებით მოწმობასთან ერთად და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის შიგნით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრიტანულმა არხმა Sky News-მა 24 სექტემბერს გაავრცელა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც განხილულია, რომ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში მაინც შედის, ეს კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მეშვეობით ხდება.
Sky News-ის ჟურნალისტი ადგილზე დააკვირდა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს, სადაც ევროპიდან ჩამოყვანილი მანქანები აღმოაჩინა. საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, მანქანების რუსეთში გადაყვანის ერთ-ერთი გზაა ლარსამდე ავტომობილები სომხეთში დაარეგისტრირონ და განაბაჟონ. ზოგჯერ რუსეთში მანქანების გადამყვანებს იმასაც ურჩევენ, რომ თქვან, არა რუსეთში, არამედ ყირგიზეთში მიდიან რუსეთის გავლით.
ბრიტანული არხის ცნობით, ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ ამ მანქანებზე გაიცემა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრები, რის შემდეგაც მათ საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ; და რადგან ქართველებს შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება რუსეთში, მათ მხოლოდ მანქანების საზღვრის მიღმა გადაყვანა სჭირდებათ, სადაც სხვა ჯგუფი დახვდებათ.
როგორც Sky News იუწყება, მანქანები ზოგჯერ თბილისის შოურუმებიდან, ხან საქართველოს პორტებიან, ხანაც ევროპიდან ან აზერბაიჯანიდან მოჰყავთ. ძირითადად, გადამზიდმა მძღოლებმა არ იციან მანქანების წარმომავლობა.
როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, როდესაც მანქანები საზღვართან მიჰყავთ, საჭირო დოკუმენტების გამზადებამდე მათ ავტოსადგომებზე ტოვებენ.