შემოსული იყო 116 კგ, ახლა არის 73,6 კგ, კლება ძალიან სერიოზულია - კონსილიუმის წევრებმა სააკაშვილი მოინახულეს

პუბლიკა

კლინიკა „ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ექიმებმა მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრეს.

„შემოვიდა 116 კილოგრამით, 73.6 ავწონეთ ამ წუთში ჩვენ. კლება ძალიან სერიოზულია. შეიძლება ეს ცალსახად მძიმედ შეფასდეს მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. ერთ-ერთი კარგი კლინიკაა და კოლეგები ყველაფერს აკეთებენ. ფაქტები მეტყველებს, რომ მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უარესდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ.

1 დეკემბერს ცენტრი „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით,  სასამართლო საექსპერტო კომისიამ 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოსაკვლევ პირს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი – კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.