საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი.
„შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლისა და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში.
ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახორციელებს იმ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან“, – ამბობენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ აკონკრეტებენ, რომელი ავიაკომპანიების განაცხადია შესული სააგენტოში.
დღეიდან, 15 მაისიდან, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.