„შემოთავაზებული მექანიზმი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფარულობა არ იქნას დარღვეული, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელე ვიცით და სამსახურების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ღიად ამბობენ ვის მისცეს ხმა“,- ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ხელისუფლების ინიციატივას, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და შეზღუდვების გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ამ ფარულობას ეს ვერ უშველის. ვერც იმას, რომ აიძულონ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ კონკრეტულ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავარი ამ პროცესში არის პოლიტიკური ნება, ამაში ვერ დაარწუნა საერთაშორისო საზოგადოება „ქართულმა ოცნებამ“ და ეს ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ პოლიტიკურ პატიმრებზე არ მიიღეს გადაწყვეტილება, გიორგი რურიუა დღემდე ციხეშია. როცა გვესმის თავდაცვის მინისტრისგან რომ ის დაამთავრებს – ეროვნული ამოცანა არის ოპოზიციის დასრულება,- ასეთი განცხადებები ყველაფერ ამას ხაზს უსვამს. ამიტომ ვერ რწმუნდება საერთაშორისო პარტნიორობა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს სამართლიანი, მშვიდობიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას“,- უთხრა „მთავარ არხს“ ხათუნა სამნიძემ.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.