საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას.
„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით უკვე 75 რაკეტა ისროლა, აქედან 41 უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დღეს დილიდან სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში მიიტანა უკრაინაზე. არსებული მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 8 ადამიანი.
აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, დნიპროში, ჟიტომირში, ლვივში, ვინიცაში, მიკოლაივში, ხარკივისა და სუმის ოლქებსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე. BBC-ის ცნობით, ლვივისა და ხარკივის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.