შენ ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

პუბლიკა

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტი წერს, რომ სერიოზულადაა განაწყენებული შექმნილი სიტუაციით და ნაწილობრივ ზიზღსაც კი განიცდის საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

„დიპლომატიური ენისგან განსხვავებით, როცა ვამბობ, რომ „ღრმად ვარ შეშფოთებული“, ვგულისხმობ, რომ სერიოზულად ვარ განაწყენებული და ნაწილობრივ ზიზღსაც ვგრძნობ იმის მიმართ, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, რომლის დაცვაში, დახმარებასა და მხარდაჭერაში გავატარე 23 წელი. შენ ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო.

საქართველო, ნუ წახვალ ამ გზით. ბევრი ადამიანი თუ ქვეყანაა დასავლეთში ისეთი, ვინც მოხარული იქნება შენი ჩამოწერით, რადგან ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნით ნაკლები იქნება, რომელზეც უნდა ვიფიქროთ. გამოკვებავენ იმ ნარატივს, რომ შენ იქეცი ქვეყნად, რომელსაც განვითარება არ შეუძლია და ამიტომ მისი მხარდაჭერა არ ღირს“, – წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი Twitter-ზე.


გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დღეს კი, პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.