შენდება კალათბურთის სპორტის სასახლე, რომელიც 2022-ში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - პრემიერი

პუბლიკა

„2022 წელს თბილისი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიიღებს, 2023 წელს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიოs ჩემპიონატს, 2025 წელს კი – ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ არაერთ მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტულ რუკაზე.

„საანგარიშო პერიოდში ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე 200, მათ შორის, 65 ოქროს მედალი მოიპოვეს, მადლობა მათ. ჩვენმა ქვეყანამ არაერთ მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტულ რუკაზე.

ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით აშენდა მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტები ბოლო წლებში. ოლიმპიური სასახლე, ტანვარჯიშის და ფრენბურთის არენები, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ბათუმის სტადიონი და სპორტის სასახლე, არაერთი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი მზად არის დიდი საერთაშორისო ტურნირების მისაღებად. შენდება კალათბურთის სპორტის სასახლე, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიდის მზადება ტოკიოს ოლიმპიადისთვის. მან ქართველ ოლიმპიელებს წარმატება უსურვა.