შენგელია „ნაციონალების“ დატოვებული იყო და ჩემი ძალისხმევით გათავისუფლდა - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველის არხის“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა, რომ  ნოტარიუსი, ბაჩანა შენგელია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე, რომელიც მისი ძალისხმევით გათავისუფლდა.

„ეს კონკრეტული ნოტარიუსი, ბაჩანა შენგელია, როცა იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, იყო „ნაციონალების“ მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავჯდომარე, რომელიც ჩემი ძალისხმევით გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან, რადგან ის მაშინვე იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი“, – ამბობს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, საჯაროდ ამას პირველად ამბობს, რომ  ნოტარიუსები იყვნენ ერთ-ერთი პირველები,რომლებმაც პანდემიისადმი ზედაპირული დამოკიდებულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი შექმნეს. როგორც მინისტრი ამბობს, სწორედ ამიტომ გახდა მკაცრი ღონისძიებების გატარება საჭირო.

„როგორც უწყების ხელმძღვანელს, ძალიან მკაცრი ღონისძიებების გატარება მომიწია, რათა, ჯერ ერთი, ეს კლასტერი არ გაზრდილიყო და სანოტარო ბიუროებსა და თავად ნოტარიუსებს გაეთავისებინათ, რომ ვირუსთან ბრძოლა არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, საჯარო მოხელეების თემა და ეს მათაც ეხებათ, რადგან მათაც, როგორც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა. მერე რა, რომ მათ თავიანთი დამოუკიდებელი ბიუროები აქვთ. შემოვიდა ასევე, ინსპექტირების ინსტიტუტი. ამ კონკრეტულმა ნოტარიუსმა, ბაჩანა შენგელიამ ეს დროებითი წესი, „კოვიდ-19“-თან ბრძოლის სტანდარტი დაარღვია, ინსპექტირებამ ეს გამოავლინა და მას 15 ივლისამდე, ანუ, რამდენიმე კვირით ჩამოერთვა ნებართვა. 15 ივნისს ამ აკრძალვას ვადა გაუვიდა და მან სანოტარო საქმიანობა გააგრძელა“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ბაჩანა შენგელიას გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა.

„ის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირია, რაც დასანანია. სხვა მხრივ, მან რომ შეძლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, როგორც ამას ორასზე მეტი ნოტარიუსი აკეთებს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, ის შეძლებს, იყოს კარგი ნოტარიუსი მაგრამ ის ამას ვერ, თუ არ აკეთებს“, – განაცხადა წულუკიანმა.