შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება | ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია, მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.

„გუშინ, ამერიკის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.

სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას გვიცხადებენ. აშშ და ევროკავშირი სრულად იზიარებენ ეუთო-ს დასკვნას, რომლის თანახმადაც, 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი.

“ქვეყანას კი სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით შევძლებთ“, – აღნიშნავს პრეზიდენტი თავის განცხადებაში.