შენობასაც ვამზადებთ, სადაც შესაძლებელი იქნება, 2 000 ადამიანი დაეტიოს – დეკანოზი კეკელია

პუბლიკა

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი შალვა კეკელია ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ პირადად მიმართავდა თხოვნით ხელისუფლებას აღდგომის ღამეს დისტანციის დაცვაში დასახმარებლად.

„ხედავთ, დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ვამზადებთ ჩვენ, შენობასაც, სადაც, დაახლოებით, შესაძლებელია, 2 000 ადამიანი დაეტიოს. სკამებასაც ვუმზადებთ ადამიანებს. მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა.

ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ დისტანციურად ერთმანეთთან იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში.

ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ის ბუნებრივია დაჯარიმდება. 21:00-დან 06:00-მდე არის კომენდანტის საათი და ამ დროს ქუჩაში არავინ არ უნდა იყოს“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

როგორ გაიმართება აღდგომის დღესასწაული, ამასთან დაკავშირებით ორი დღეა, საპატრიარქოში შეხვედრები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი კონკრეტული გადაწყვეტილებისა და შეთანხმების შესახებ.

_____________
ჯანდაცვის ექსპერტები და მეცნიერები მთელ მსოფლიოში შეთანხმებულნი არიან, რომ სოციალური დისტანციის დაცვა საუკეთესო გზაა კორონავირუსთან საბრძოლველად. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის თქმით, ნებისმიერი თავყრილობა, მათ შორის ეკლესიებში, შეიცავს ვირუსის გავრცელების საფრთხეს.

მრავალი სპეციალისტი ამბობს, რომ თავყრილობები, მით უმეტეს ერთი კოვზიდან ზიარება, გამოიწვვს ეპიდემიის აფეთქებას, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჯერჯერობით, არ სთანხმდება  ლიტურგიის მრევლის გარეშე ჩატარებას. ხოლო ხელისუფლება, რამდენიმე განცხადების გარდა, რეალურ წინააღმდეგობას ვერ უწევს მასობრივ კანონდარღვევებს, რასაც ეკლესიის მრევლის ნაწილი ყოველდღიურად მიმართავს.