შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ვარკეთილში კორპუსიდან მოსახლეობა გაჰყავთ

პუბლიკა

სამგორის რაიონის გამგეობის განცხადებით, შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

გამგეობის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კორპუსს დაზიანების მეოთხე ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და მოსახლეობასთან ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გასახლებაზე მოლაპარაკება, მაგრამ გამგეობის შეთავაზებას, რომ გასულიყვნენ ქირით, რომელსაც მუნიციპალიტეტი დაფარავდა მხოლოდ მოსახლეთა მცირე ნაწილი დასთანხმდა, დანარჩენი დღეს გაჰყავთ და დროებით სასტუმროებში გადაანაწილებენ.

„მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი. კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს.

სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში. ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებს სამგორის რაიონის გამგეობა.