შექმნილი მძიმე კრიზისიდან გამოსავალი „გერმანული საარჩევნო“ სისტემაა – დავით უსუფაშვილი

პუბლიკა

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალი „გერმანული საარჩევნო სისტემაა“, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული.

როგორც დავით უსუფაშვილი წერს, ამ სისტემის მიხედვით:

1. საკმარისია 76 ხმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და არ არის აუცილებელი 113 ხმის მოგროვება კონსტიტუციის შესაცვლელად;

2. პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის;

3. არჩევნები ტარდება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა;

4. საარჩევნო ბლოკები დაშვებულია და საარჩევნო ბარიერი 3%-ია.

„ამ სისტემის პირობებში, თუ პარტიამ ჯამურად მიიღო ხმების 10% და 150 მანდატიდან პროპორციულად ერგება 15 მანდატი, ამ მანდატების მფლობელები ხდებიან, ვთქვათ, 6 გამარჯვებული მაჟორიტარი და პარტიული სიის კიდევ 9 კანდიდატი. ანუ, გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად. თუ პარტიამ ვერ გადალახა 3%-იანი ბარიერი, მაგრამ მისმა კანდიდატმა მოიგო მჟორიტარული ოლქი, პარტიას ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში.

ამრიგად, ერთდროულად კმაყოფილდება პროპორციულობის მოთხოვნაც და მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების მოთხოვნაც. თანაც ამ ყველაფერს სჭირდება არა 113, არამედ 76 ხმა. და კიდევ, სახელმწიფოებრივი კეთილგონიერება, “- წერს დავით უსუფაშვილი.

გუშინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

კენჭისყრის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა პარლამენტთან. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდნენ. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტთან დაიწყეს შეკრება. ოპოზიციურმა პარტიებმა კი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართეს შეხვედრა და ძირითად მოთხოვნებზე შეთანხმდნენ.

სამოქმედო გეგმა გუშინ აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა გაახმაურა. აქციის მონაწილეები ითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.