„შერატონის" შესასვლელშივე ადამიანთა ჯგუფი დამხვდა, უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ" | გახარია თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.

გახარიას თქმით, მასზე განხორციელდა „წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით”, რომლის „ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი“.

„ივანიშვილი ბიძინა, დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც. მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში.

დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად.

რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას.

ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ [ფოიე] დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები.

მას შემდეგ, რაც მე მქონდა რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა გახარიამ.

„საქართველოსთვის“ ლიდერს საქმის სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება“.

„დღეს, როგორც მიდის გამოძიება და როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული მედია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის შესაბამისად, სამართლიანად გამოძიებას და ამაზე მიგვითითებს რამდენიმე რამ.

ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს და რასაც იღებდნენ ტელეფონით, აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად, ფაქტია, რომ საერთოდ კამერები გაქრა, ანაბეჭდები, რაც იყო ასახული და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა შერატონსა და მის მენეჯმენტზე, რომ ეს კამერები გამქრალიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს, ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი. მოკლედ ყველაფერს.

ეს სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების ან განეიტრალების, მიიღებს შემდეგ პასუხს: მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ ამ ძალადობისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნები წინა ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მას შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია, ასევე, სახე ქართველი ხალხის და ის მცირე ნდობა, რაც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ, რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ”, – განაცხადა გახარიამ.


პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ.

თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ, მათ შორის, დიმიტრი სამხარაძე.

გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.