შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები | TI ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება.

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი მსჯელობს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე, რაც გაუხსნის გზას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში.

„შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ანტისაოკუპაციო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლამ ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემური ხარვეზები გამოააშკარავა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალდა 40-მდე ჟურნალისტი და რამდენიმე ასეული მოქალაქე, სახელმწიფომ ძირითადად მხოლოდ დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ იმოქმედა, რაც შერჩევით მიდგომებსა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს.

აქციის დაშლის პროცესთან და სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით არაერთი ლეგიტიმური კითხვის არსებობის მიუხედავად,  სამართალდამცავ ორგანოებში ბრძანების გამცემი პირები არ გამოკვეთილა და მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არასრულყოფილ გამოძიებაზე სახალხო დამცველის ანგარიშიც მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კრიტიკული არ იყო სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას და არ ცდილობდა შსს-ს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას”, – ამბობენ ორგანიზაციაში. 

ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტის მიერ მისი წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური ნაბიჯია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი წინასწარ თანხმობას იძლევა პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე.

„იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ კომიტეტი პროკურორს აძლევს თანხმობას სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვაზე. ამგვარი ფორმულირებით საკანონმდებლო ორგანო ცდილობს, შეამციროს დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის გაცემის პარლამენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი პასუხისმგებლობა.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების  პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად პარლამენტზეა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არა პროკურატურის სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს, არამედ სრულად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მრავლად არსებობს კითხვის ნიშნები. ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი. აღნიშნული ქმედებები ცალსახად არაა მიმართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ.

მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, გაიზიაროს პასუხიმგებლობა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარების მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები; არ დაასუსტოს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაცია უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით და არ გასცეს ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით თანხმობა. პარლამენტის არასწორი გადაწყვეტილება გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომლის მოგვარება კიდევ უფრო გართულდება“, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.