შერიგების ნიშნად ხელი ერთმანეთს უნდა ჩამოვართვათ, ეს სიტყვიერად უკვე გაკეთებულია - სუბარი

პუბლიკა

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, კონფლიქტში მონაწილე მხარეები აცხადებენ, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ გუშინ, დმანისის ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული დაპირისპირების ესკალაცია მოხდა დღეს და ეს იყო ორგანიზებული. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კითხვებს პასუხი გაეცემა.

„სათქმელი ითქვა, ყველა ერთ აზრზეა. მინდა, შერიგების ნიშნად, ხელი ჩამოართვათ ერთმანეთს, რაც სიტყვიერად უკვე გაკეთებული იყო. ხალხსაც მოვუწოდოთ, რომ დაწყნარდნენ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება, აწყობდეს ვითარების ესკლაცაია, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას. ხელი ჩამოვართვათ ყველამ

გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ძალიან სამწუხარო, მაგრამ ეს იყო ყოფითი ხასიათზე მომხდარი კონფლიქტი. რაც მოხდა ესკალაცია დღეს, დილას და შემდეგ საღამოს იყო გაგრძელება. არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი ვინ იყო ამის ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული და გაეცემა ამ კითხვებს პასუხი. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მათი ოჯახის წევრები ამას აბსოლუტურად ემიჯნებიან, თავიდანვე გამიჯნულები იყვნენ. ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ. არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, ესენი აქ შერიგდებიან“, – განაცხადა მან.

დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა.


17 მაისს ქალაქ დმანისში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს მოქალაქეები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. პოლიცია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას.

როგორც ტელევიზიებთან ადგილობრივები აცხადებდნენ, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გახდა. რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში შევიდა და მოითხოვა ლუდი, საფასურის გადახდის გარეშე, რაზეც უარი მიიღეს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად, სადაც მათ, ასევე, დახვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.