შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

პუბლიკა

დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი წარადგინა.

„მოგეხსენებათ, რომ ქ-ნ თეა აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. მანამდე, კი მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება  ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში, როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე კონფლიქტების მიმართულებით დიდი გამოცდილება. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე“, – ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, სამინისტროს ფუნქცია და მოვალეობაა „აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულებაა“.


თეა ახვლედიანი 2019 წლის 14 ივნისიდან დღემდე იკავებდა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 2014-2019 წლებში კი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში.