მინდია შარვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმეზე დღეს მოწმის სახით 3 გამომძებელი დაიკითხა – მინდია როსტამაშვილი, თამარ გაბროშვილი და ანი ბორჩხაძე.
გამომძიებელმა თამარ გაბროშვილმა საქმეში არსებული ვიდეოები დაათვალიერა და დათვალიერების ოქმი შეადგინა. ოქმში გამომძიებელმა უნდა ასახოს საქმესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.
დაცვის მხარის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გამომძიებელმა განგებ გამოტოვა ბექა გორიციძის მიერ აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობის გარემოებები და არ აღწერა ის დათვალიერების ოქმში.
„მაშინ როცა თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მხრიდან თითქოსდა ძალადობას აღწერს გამომძიებელი, მიზანმიმართულად ტოვებს ბექა გოცირიძის მიერ მინიმუმ ორ ადამიანზე თავდასხმის ფაქტს… მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ არ დაწერა გამომძიებელმა ბექა გოცირიძის მიერ მინიმუმ ორჯერ დარტყმის ფაქტი“, – აღნიშნა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.
ამ საკითხზე გამომძიებელ თამარ გაბროშვილს პროცესზეც ჰკითხეს.
– რამ განაპირობა, რომ თქვენი დათვალიერების ოქმში ეს მოქმედება არ აღწერეთ? [გამოკითხული მყავს მოწმეები], ამბობენ, რომ ბექა გოცირიძემ ორჯერ დაარტყა ხელი.
– არანაირი მოტივაცია არ მქონია, სუბიექტურად რაც დავინახე, რაც აღვიქვი, ის აღვწერე.
შეკითხვაზე, ვიდეოს სხდომაზე ხელმეორედ ნახვის შემდეგ ხომ არ აღიქვა მომხდარი განსხვავებულად, აღნიშნა, რომ:
– ახლაც ასე აღვიქვი, როგორც დათვალიერებისას… მე ვთვლი, რომ ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა შევასრულე პირნათლად. [რომ შემენიშნა], აუცილებლად დავაფიქსირებდი.
რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?
16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ პროტესტის ორი აქტიური მონაწილე – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დააკავა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
მინდიასა და თორნიკეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით ედებათ.
ვინ არის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძე?
საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძეა. დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების გასაგონად, მოიხსენიებდა მათ აგდებულად, აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას – ამას მოჰყვა შემდგომ დაპირისპირებაც.
აღსანიშნავია, რომ ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს შეურაცხყოფას აყენებდა თავის ვიდეოებში და არამარტო – ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა.