შესაბამისი ზომების მიღება პირველ რიგში მთავრობის პასუხისმგებლობაა - მედიატორი ნამახვანჰესზე

პუბლიკა

12 ივნისს ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი დირკ ბუშლე მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ის წერს, მხარეები შეთანხმდნენ სამ ძირითად საკითხზე მისაღებ ზომებსა და ქმედებებზე:

  1. სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი და მათი განხილვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
  2. რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია;
  3. ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული გეგმის პროექტის საფუძველზე საჯარო დებატები საქართველოს მომავალ ენერგოუსაფრთხოებაზე.

მოლაპარაკების შუამავალი, დირკ ბუშლე ასკვნის:

„ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ ზომად რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციაა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და ხეობაში შესვლა შესაძლებელი უნდა იყოს, ისევე, როგორც ბარიკადის ორივე მხარეს ადამიანების და საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

შესაბამისი ზომების მიღება პირველ რიგში მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, რომ შეცვლის არსებულ ბარიერებს და მთავარ გზაზე წვდომას უზრუნველყოფს. მეორეს მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო მოედნისკენ მიმავალ გზას.

მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების პატივისცემა. სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღსადგენად და შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, რაც მედიაციის პროცესის გაგრძელებას შესაძლებელს გახდის”, – წერს ბუშლე.

როგორც შეხვედრის შემდეგ, 14 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, „პოლიცია ხეობას დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ აქტივისტები საჯაროდ დადებენ პირობას, რომ კომპანიის მუშაობას ხელს არ შეუშლიან”. მან აქტივისტებს ასევე მოუწოდა პასუხისმგებლობის აღებისკენ.

„როგორც კი ჩვენ გვექნება თუნდაც წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიისთვის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა იქ თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების იმიტომ, რომ იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი მასალა, საწვავი და ასე შემდეგ. თუ გვექნება ჩვენ გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება. მაგრამ ამაზე საჯაროდ უნდა ითქვას და სხვათა შორის, ეს არის ასახული იმ ოქმში, რაც გამოქვეყნდა“, – განაცხადა თურნავამ.

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მინისტრი ამგვარი განცხადებით, არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს შეხვედრის შინაარსის შესახებ და ასევე უპატივცემულობას იჩენს მედიატორის მიმართ. შეხვედრის მონაწილეების თქმით, შეხვედრაზე ცხადად განისაზღვრა, მთავრობის მოქმედებას საპასუხოდ რა მოქმედება მოჰყვებოდა აქტივისტების მხრიდან და საჯარო პირობის დადების საკითხი შეხვედრაზე არ გაჟღერებულა და არც ის, რომ მთავრობა ამის შემდეგ აიღებდა ბარიკადებს გუმათთან.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის აღების საკითხს, როგორც გოლეთიანი ამბობს, როდესაც 12 ივნისის შეხვედრაზე დაისვა აქტივისტებზე პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხი, განხილვის შემდგომ შეხვედრაზევე ითქვა, რომ ამგვარი მიდგომა, ზოგადად, პროტესტის მიმართ არის არასწორი.

მისივე თქმით, ხეობაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აქტივისტებზე დაკისრება არასწორია, პროტესტის ბუნებიდან გამომდინარე. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი განაცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას იღებენ ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე, არაა გამორიცხული პროვოკაციული ქმედებები და გამოვა, რომ მოუწევთ იმ ტვირთის აღება, რაც მათზე არ იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება ბუშლეს დოკუმენტში აღნიშნულ ვალდებულებას მათი მისამართით, გოლეთიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ბარიკადებს აიღებს, პროტესტი გადაინაცვლებს სოფელ ნამოხვანში და აქტივისტები აღარ იქნებიან იმ 7 ლოკაციაზე, საიდანაც კომპანიის მანქანებს გადაადგილებას უზღუდავდნენ. შემდეგ კი შეხვედრების ფორმატში დააყენებენ საკითხს სამუშაოების შეჩერების შესახებ.

„ჩვენ ვთქვით, რომ შეხვედრაზე უნდა განვიხილოთ სამუშაოების შეჩერების საკითხი და რა თქმა უნდა, თუ ბარიკადს აიღებენ, ჩვენ იქ კი არ გადავუდგებით მაგათ გზაზე, შეხვედრაზე განვიხილავთ სამუშაოების შეჩერების საკითხს.

ვიქნებით უბრალოდ ნამოხვანში და დაველოდებით პასუხს [სამუშაოების შეჩერების წინაპირობაზე].

შეხვედრაზე დავასახელებთ არგუმენტებს – რატომ უნდა შეჩერდეს სამუშაოები. უნდა დასაბუთდეს რატომ არის აუცილებელი ამისი შეჩერება და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე”, – განაცხადა გოლეთიანმა.


12 ივნისს, შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პარასკევამდე უნდა განაცხადონ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე. გოლეთიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ შეხვედრაზე დღის წესრიგში კვლავ დადგება შემდგომი წინაპირობა, რაც ხეობაში სამუშაოების შეჩერებას შეეხება.